ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, განაცხადა, რომ საკრუიზო ლაინერ „ჰონდიუსზე“ დაფიქსირებული ჰანტავირუსის აფეთქება დასრულდა.
მისი თქმით, აფეთქების დასრულება ოფიციალურად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ინფიცირებულთან ბოლო კონტაქტში მყოფმა პირმა დაკვირვების პერიოდი დაასრულა, ჰანტავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღო და 25 მაისის შემდეგ ახალი შემთხვევა აღარ გამოვლენილა.
„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ „ჰონდიუსთან“ დაკავშირებული ჰანტავირუსის აფეთქება დასრულებულია“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
WHO-ის ინფორმაციით, აფეთქების პერიოდში დაფიქსირდა 13 დადასტურებული და სავარაუდო შემთხვევა, მათ შორის სამი ლეტალური.
ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის ფარგლებში 33 ქვეყანაში 650-ზე მეტ კონტაქტს აკვირდებოდნენ.