ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცვანეში მდებარე დიხაგუძუბის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვზე – დიხაგუძუბაზე 2019 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარდა საველე-არქეოლოგიური და კამერალური სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელსაც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მიზანს წარმოადგენდა:
დიხაგუძუბის მცენარეული საფარისაგან გაწმენდა;
ძველი თხრილების ამოსუფთავება-გაფართოება-დაღრმავება და სტრატიგრაფიის დაზუსტება;
ბორცვის გარეთ, მინდორში საკონტროლო თხრილების გავლება.

2019 წლის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა:
ელინისტურ ფენებზე;
ადრეანტიკური ხანის ფენებზე;
ქვედა – შუა ბრინჯაოს ხანის ფენებზე.
ცვანეს დიხაგუძუბაზე ნაწილობრივ სამი კულტურული ფენა იქნა შესწავლილი. ეს ფენები ზოგჯერ ერწყმიან ერთმანეთს, ზოგჯერ კი სხვადასხვა სისქის შრეებით იმიჯნებიან.
პირველი, ზედა, კულტურული ფენა ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობის ნანგრევებითაა წარმოდგენილი და ქრონოლოგიურად ძვ. წ. IV-III საუკუნეებს უნდა შეესაბამებოდეს; მეორე კულტურული ფენა ასევე ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობების ნაშთებია, ის სავარაუდოდ ძვ. წ. VI-IVსაუკუნეებში უნდა იყოს წარმოქმნილი; მეოთხე კულტურული ფენა ამ ეტაპზე დაუმწვარი ძელების წყობით იყო წარმოდგენილი და ძვ. წ. მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრით შეიძლება განისაზღვროს. მესამე კულტურული ფენა ამ ეტაპზე ძალზე სუსტად იყო გამოვლენილი, თუმცა გასული წლის მონაცემების მიხედვით ისიც ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობებისაგან უნდა შედგებოდეს და ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარს უნდა განეკუთვნებოდეს.
აქ წარმოებული ფართომასტაბიანი არქეოლოგიური გათხრები, რომელიც მრავალწლიან კვლევებს გულისხმობს, შესაძლებელს გახდის იგი მულტიდისციპლინარული კვლევების, სასწავლო და ტურისტული მიმართულებით მეტად საინტერესო ობიექტად აქციოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები