„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ „ძველებურ ცეკვებს“ უმასპინძლებს

„თბილისის ბაროკო ფესტივალი – 2019“  უკვე დაიწყო და 13 ნოემბერს პირველი კონცერტი შედგა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე.

რაჟდენ ჯაიანის ფოტო

როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, გახსნითი კონცერტი „Les Nations“ მოიაზრებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის: ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ მუსიკას; სცენაზე ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იდგნენ: დავიდე ამადიო (იტალია), კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია), მიგელ რინკონი (ესპანეთი), გიორგი ქობულაშვილი (საქართველო/გერმანია) და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

„ფესტივალი სრული ანშლაგით და დიდი წარმატებით გაიხსნა, ხოლო 17 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძესთან შეხვედრა შედგა, რომლის თემაც გახლდათ – „მრავალსახოვანი ბაროკო“.
ფესტივალი 18 და 19 ნოემბერს უნიკალური მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენით – „ძველებური ცეკვებით“ გაგრძელდება, წარმოდგენები რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 19:30 საათზე გაიმართება.
ეს გახლავთ პროექტი „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“, რომელმაც გაიმარჯვა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერა დაიმსახურა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში.
პროექტის კონცეფცია ძველი და თანამედროვე ხელოვნების პერფორმატიული წარმოდგენაა. იგი ითვალისწინებს ექსპერიმენტულ, ძველისა და თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენას, რაც მოიცავს, ერთი მხრივ, ბაროკოს პერიოდის მუსიკის ავთენტურ შესრულებას, მეორე მხრივ თანამედროვე ქორეოგრაფიისა და ავანგარდული კოსტიუმებით შექმნილ ქართული თანამედროვე ხელოვნების ახალ ნიმუშს.
პროექტში მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – საქართველოს სინფონიეტა, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, მიხეილ აბრამიშვილი – კონტრტენორი, ანნა ქურდოვანიძე – კლავესინი და პოზიტივ ორგანი, ჟოზეპ მარია მარტი დიურანი – თეორბო და ბაროკოს გიტარა, დანიელ გარაი მორაგესი – დასარტყამი ინსტრუმენტები.
პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე, ხოლო  კოსტიუმების მხატვარი უტა ბექაია გახლავთ“, – აცხადებს თეა მუქერია.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ რუსთაველის თეატრის სალაროში და ონლაინ www.biletebi.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები