„ამოიღონ ის კადრები, სადაც ჩემი შვილი მოტყუებით გადაიღეს“ – მშობელი ლევან აკინის ფილმთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს

ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებული ერთერთი მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი ზურაბ ღვინიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ფილმში მოტყუებით გადაიღეს. მისი თქმით, ოჯახმა არ იცოდა, რა თემას ეხებოდა ფილმი, რადგან გადამღებმა ჯგუფმა მათ განუცხადა, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული ცეკვების შესახებ იყო.

აღნიშნულის შესახებ ღვინიაშვილმა უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ბავშვთა უფლებების დაცვა პრიორიტეტია. გვაინტერესებს, როგორ მოხვდა 10 წლის გოგონა, ასევე 12 წლის ბიჭი ფილმში. ფილმი ეროტიული შინაარსის კონტენტს შეიცავს და მათ ჩაიდინეს თაღლითობა. ჩვენ ვითხოვთ სამართლებრივ რეაგირებას და ასევე ექსპერტიზის ჩატარებას ფილმის ეროტიულ კონტენტთან დაკავშირებით. შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ მათ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახეს და გამოძიება არ დაუწყიათ.

ლევან აკინმა თაღლითურად მოატყუა მშობლები და არასრულწლოვნები გადაიღო ფილმში. ის თავს არიდებს კომენტარებს.სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულთა ერთობლიობა.

ჩვენ მივმართავთ შსს-ს და შეგვაქვს განცხადება და მოვითხოვთ სახელმწიფომ მიმართოს ყველა პრევენციულ ზომას და დადგეს ლევან აკინისა და ფილმის გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ბავშვებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდეთ.
ზურაბ ღვინიაშვილი ითხოვს, კადრები, სადაც მისი შვილი ჩანს, ფილმიდან ამოიღონ.
„იმედი მაქვს, რომ შსს გამოიძიებს იმ ფაქტს, რომ ფილმში უკანონოდ ჩართეს ჩემი ბავშვი. ჩვენ მოგვატყუეს. დაარღვიეს ბავშვთა უფლებები, მივმართავ შსს-ს, მოახდინონ რეაგირება.

ყველა პირი იყოს დასჯილი და ამოიღონ ის კადრები , სადაც ჩემი შვილი მოტყუებით გადაიღეს. ფილმის ავტორს, უნდა ეთქვათ რაზე იყო ეს ფილმი. უნდა გვქონოდა ინფორმაცია.
დაველოდებით გამოძიებას და იმედია ,რომ სწრაფ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო. იმედია ყველა დაისჯება. ოჯახის რეაპუტაციას აყენებენ შეურაცხყოფას. არ მინდა, ჩემს შვილს დაღი ესვას, გეი ფილმში გადაგიღესო. გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს იქნებოდა ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული ფილმი”- განაცხადა ღვინიაშვილმა.
ცნობისთვის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართა. ფილმი აქციებით გარკვეულმა ჯგუფებმა გააპროტესტეს. “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები