სამედიცინო ასოციაცია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ცხინვალის სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს.
ასოციაციების გაერთიანების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაკავება არის საერთაშორისოდ აღიარებული და მოქმედი ჰუმანიტარული ნორმის დარღვევა“.
„გვინდა მოვუწოდოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი.
ასევე მივმართავთ ცხინვალის სამედიცინო საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვზრუნავდით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია, გამოიჩინონ პროფესიული სოლიდარობა და ყველა ღონე იხმარონ, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.