კახა კალაძე: მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და შუათითი ჩემი დაცვის ორი თანამშრომლის მისამართით იყო

“ფეიკნიუსი“ ზუსტად ასე მზადდება. “ვიდეოკადრებში დაფიქსირებული ჟესტი აქციის მონაწილეების მისამართით არ იყო განკუთვნილი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია “ქართული ოცნების“ ოფისთან გადაღებულ ვიდეოკადრებზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ვიდეოკადრები თავადაც იხილა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “ფეიკნიუსი“ უწოდა.

“ეს ვიდეო მეც ვნახე და არ ვიცი, რა დავარქვა?! დავარქმევდი სამარცხვინობის უმაღლეს მწვერვალს და წერტილს. ეს არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ მზადდება “ფეიკნიუსი“. ვიდრე გაავრცელებდით, თქვენ ელემენტარულად შეგეძლოთ, დაგესვათ შეკითხვა, თუ ვის მიმართ იყო დაფიქსირებული ჟესტი, მაგრამ “ფეიკნიუსი“ ზუსტად ასე მზადდება. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებს ვაჩვენე შუათითი, არასწორია. ზოგადად, თავშეკავებით არასდროს გამოვირჩევი და როდესაც მაქვს სათქმელი, ყოველთვის ვამბობ. არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითი აქციის მონაწილეების მისამართით ნამდვილად არ ყოფილა ნაჩვენები. ასე რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, ნამდვილად არ მომერიდებოდა, – განმარტა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვისი მისამართით გამოიყენა აღნიშნული ჟესტი, კახა კალაძის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და ადგილზე მყოფი საკუთარი დაცვის ორი თანამშრომლის მიმართ წყენა ბუნებრივად გამოხატა.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ შეანელებს ავტომობილით სვლას თბილისის მერი საკუთარ დაცვის თანამშრომლებთან და მათ თითით ანიშნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები