ქარელის, ყვარლისა და წალკის მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ხელშეწყობით, ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა.

წყლის მდგრადი მართვის სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ფერმერობის განვითარებასა და კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით განხორცილდა.
წვეთოვანი მორწყვის სისტემების უპირატესობების დემონსტრირებისთვის შერჩეულია სამი საპილოტე სასოფლო-სამეურნეო კულტურა – ყურძენი ენისელში, კარტოფილი ბედიანში და ხახვი რუისში. საპილოტე სოფლებში ჩატარდება მოსავლიანობისა და წყლის მოხმარების კვლევები, რომლებიც წვეთოვანი ირიგაციის დანერგვის შედეგებს გამოავლენს. ადგილობრივი ფერმერები და ფერმერთა ასოციაციების წარმომადგენლები გაივლიან შესაბამის ტრენინგს წვეთოვანი მორწყვის სისტემების სწორი გამოყენებისა და მართვის საკითხებში.

წვეთოვანი მორწყვის სისტემების დანერგვა UNDP-GEF უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში ხორციელდება და ორ ქვეყანას შორის წყლის მოხმარების პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზებას ემსახურება.
პროექტის Kura-2 მთლიანი ბიუჯეტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ნაწილდება და 5.3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება.

“მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები წყლის დაზოგვისა და მოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობაა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩვენ უკეთ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ წყლის რესურსებს და ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის ზრდას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

როგორც UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, ტემპერატურისა და სიმშრალის მატება, რომელიც აზერბაიჯანში და აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება, კლიმატის ცვლილების შედეგია.

“წყლის მდგრადი მართვის დანერგვა მდინარე მტკვრის აუზში, სადაც სოფლის მეურნეობას წამყვანი როლი ენიჭება, მეტად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების შემცირების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

UNDP-GEF პროექტის Kura-2 რეგიონული კოორდინატორის, მერი მეთიუსის განცხადებით, მდინარე მტკვრის აუზში წყლის საერთო მოხმარების 70% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე მოდის. გრუნტისა და ზედაპირული წყლის რესურსების დაზოგვა და გადაჭარბებული მოხმარებისგან მათი დაცვა ხელს შეუწყობს სურსათისა და წყლის უსაფრთხოებას რეგიონში; ასევე, დაეხმარება ადგილობრივი ფერმერების კეთილდღეობის გაზრდას კლიმატის ცვლილების შედეგების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები