რას აცხადებენ საგარეო უწყებაში სოხუმში ჩინეთის დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩინეთის დელეგაციის ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს შორის კომუნიკაცია შედგა, – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, „ჩინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და პატივისცემა“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნა სურს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩინელებს მობილური ტელეფონების აწყობის საწარმოს შექმნა და ელექტრომობილების წარმოების დაწყება სურთ, რომელთა რეალიზება როგორც „ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მოხდება“.