თამარ ჩუგოშვილი: მოსახლეობას დავპირდით, რომ პროპორციული სისტემა ძალაში, 2020 წლის არჩევნებისთვის შევა და არა, 2024 წლის არჩევნებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კამათი უადგილოა, რადგან მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი კონსტიტუციაში უკვე გაწერილია.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არასწორია.

„ახლა კამათი იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, მისაღები და ასე შემდეგ, არის სრულიად უადგილო, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე არ ვკამათობთ, ჩვენ ამაზე ვიკამათეთ უკვე წლების განმავლობაში და გადავწყვიტეთ და გადაწყვიტა ამ უმრავლესობამ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უკვე წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ დღეს სხვა რამეზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ეხება არა იმას, რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, არამედ იმას, თუ როდის შედის სისტემა ძალაში, შედის 2020 წლის არჩევნებისთვის, თუ 2024 წლის არჩევნებისთვის. ეს სისტემა ძალაში რომ უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს პირობა ჩვენ საზოგადოებას მივეცით, მისცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ და აღნიშნული მოლოდინი საზოგადოების მხრიდან არსებობს. ეს ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით, ამიტომ ახლა საუბარი და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ასე ვთქვათ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პირობის, მიმაჩნია სრულიად არასწორად, უფრო სწორად, პირიქით, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელოვანეს დაპირებას, რომელიც ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ამ ზაფხულს მივეცით, ეს პარლამენტი დღეს, ხვალ, არ ვიცი, როცა იქნება კენჭისყრა, აუცილებლად შეასრულებს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა
შეგახსენებთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს.

​პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები