მაია ზავრაშვილმა ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორიის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი დაესწრო.

როგორც ღონისძიებაზე ითქვა, ლაბორატორიის განახლებაში უნივერსიტეტის გარდა, კერძო სექტორმაც მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება მუზეუმს, ის საქართველოში ერთ-ერთი ძველია და სასწავლებელში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის გახსნის შემდეგ ფუნქციონირებს. მუზეუმი წლების მანძილზე აქტიურად გამოიყენებოდა სტუდენტების სასწავლო პროცესში, თუმცა, ბოლო ათწლეულებია, მისი სათანადო აღდგენა ვერ ხერხდებოდა. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს სასარგებლო წიაღისეული. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სასწავლო-სამეცნიერო ნიმუშებიც, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის გარკვეული ცდების ჩასატარებლად.

“საქართველო საკმაოდ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, თუმცა მათი დიდი ნაწილის ათვისება ვერ ხერხდება. წიაღის რეფორმის მთავარი ამოცანაა, დარგში საერთაშორისო სახელის მქონე ინვესტორების მოზიდვა და ქვეყნის პოტენციალის უფრო მეტად ათვისება. ამავე დროს, ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული წიაღის გადამამუშავებელი წარმოებების ამოქმედებაზე, რათა ჩვენ სასარგებლო წიაღისეულის მქონე ქვეყნიდან განვითარებული გადამამუშავებელი სექტორის მქონე სახელმწიფო გავხდეთ. ჩვენ ამის სრული პოტენციალი გვაქვს,” – განაცხადა მაია ზავრაშვილმა.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, მაია ზავრაშვილმა საქართველოში სამთო საქმის განვითარებასა და აღნიშნული სექტორის რეფორმის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წიაღის სექტორს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის ექსპორტის თითქმის მესამედი სამთო მოპოვებაზე მოდის.

გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები