ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა. თევზსაშენებში ათას ტონაზე მეტი თევზი მოჰყავთ, რომლის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე, დსთ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ბაზრებზე ხდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეურნეობებში ლევან დავითაშვილმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მოხდება.
“საქართველოს აკვაკულტურის, მარიკულტურისა და, ზოგადად, თევზის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა, შესაძლებელია, ამ პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნული მიმართულებით ახალი კანონმდებლობის შესაქმნელად ერთწლიანი მუშაობა დასრულდა. ჩვენ გავითვალისწინეთ წამყვანი ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, კანონის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებიც. უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ძალიან მოკლე ხანში პარლამენტი დაამტკიცებს, რაც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს შექმნის”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინული ინვესტიციით საქართველოში სამი სატბორე მეურნეობა შეიქმნა. კომპანიას aqua farm village khashmi ხაშმში წარმოებული თევზი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვთ. მომავალი წლიდან კი, წარმოების გაფართოებას გეგმავენ და შავი ზუთხის მოპოვებას აპირებენ. თეთრიწყაროში, სოფელ ტბისში კი, კომპანია rioni sturgeon factory ნორვეგიის ორაგულსა და ჩილეს ორაგულს აწარმოებს. მიმდინარეობს მუშაობა კალმახის ხიზილალის წარმოებაზე. ამავე მიმართულებით მუშაობს მესამე კომპანია club admiral
როგორც კომპანიების მფლობელი სერგეი პანჩენკო აცხადებს, განხორციელებული უკრაინული ინვესტიცია, ბოლო წლების განმავლობაში, 10 მილიონ დოლარს აჭარბებს. საქართველოში არსებულ სატბორე მეურნეობაში მოყვანილი ქართული ხიზილალის გატანა, სამომავლოდ, მსოფლიო ბაზარზე იგეგმება. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები