“თუ ჩვენ, „ოს და აფხაზ ძმებთან“ ურთიერთობის დალაგება გვსურს, ნაკლები განცხადებები უნდა ჟღერდებოდეს და მეტი საქმე კეთდებოდეს”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს „ოს და აფხაზ ძმებთან“ ურთიერთობის დალაგება ნამდვილად სურს, მაშინ, ნაკლები განცხადებები უნდა ჟღერდებოდეს და მეტი საქმე კეთდებოდეს.

როგორც ზაქარეიშვილი „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, უმჯობესია, მეტი საქმე გაკეთდეს, ვიდრე ფუჭი განცხადებებია.

„ეს ბრტყელ ბრტყელი, ნეიტრალური სიტყვებია, არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ჯობია ასეთ განცხადებები არ გაკეთდეს, იმიტომ რომ ღებულობ საწინააღმდეგო რეაქციას. ჯობია საქმე კეთდებოდეს. ეს განცხადებები შიდა მოხმარებისთვის არის გათვლილი, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ სახელმწიფო ზრუნავს აფხაზებზე და ოსებზე. უცხოეთში ამას ვერ ხედავენ.

მაგალითად, როდესც თავის დროზე დავიწყეთ ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც დღემდე ეფექტურად მუშაობს, ჩვენ განცხადება არ გაგვიკეთებია, რომ „დავიწყეთ“. 7-8 თვის შემდეგ აღმოაჩინეს აფხაზებმა და ოსებმა, რომ ქართველებმა თურმე რაღაცა პროგრამა დაიწყეს. საქმეები განცხადებით არ კეთდება. არ უნდა მისცე აფხაზს და ოსს უარის თქმის საშუალება. როდესაც რაღაც განცხადებას ოფიციალურად გააკეთებ, ის აუცილებლად უნდა თუ არ უნდა, მოსწონს თუ არ მოსწონს – აუცილებლად უარყოფითად გიპასუხებს. ამიტომ უნდა ვისწავლოთ, რომ კონფლიქტის მოგვარება გვინდა ევროპის დასანახავად, თუ კონფლიქტის მოგვარება გვინდა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გვინდა, მაშინ ჯობია განცხადებები მინიმუმამდე დავიყვანოთ და საქმემ ილაპარაკოს თავის თავზე და არა ჩვენ ვილაპარაკოთ შეუსრულებელ საქმეებზე. როცა აფხაზებთან არსებობს კონტაქტები ისინი ამბობენ, რომ არ არის ამდენი განცხადებები საჭირო, ვაკეთოთ საქმე. მართლა ბევრი რამეც კეთდება განცხადებების გარეშე“, – განმარტა ზაქარეიშვილმა.

ყოფილი მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის, სოფელ ფსხაში ტყის ხანძრის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჭიროა „აფხაზ ძმებთან“ დარეკვა და დახმარების შეთავაზება.

„მაგალითად, ხანძარია ახლა აფხაზეთში, იმის ნაცვლად რომ გააკეთონ განცხადება, რომ დავეხმარებით ჩვენს აფხაზ ძმებს ხანძრის ჩაქრობაში, ჯობია დავურეკოთ და ვუთხრათ, მანქანა გადაიყვანეთ და ჩააქრეთ. ასეა გასაკეთებელი“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები