არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, რომელზეც დისკუსია 13 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების და პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 27 ნოემბერს გადაიბარებს და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც საქართველო თავმჯდომარეობის პერიოდში იმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების ერთგულია და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებებს დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები