ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა არჩილ თალაკვაძის განცხადებას უპასუხა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე არჩილ თალაკვაძის მიერ 10 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თალაკვაძემ აფხაზ დებს და ძმებს დახმარება შესთავაზა.

„ნებისმიერ მომენტში, მთელი კვირის განმავლობაში, დღითა და ღამით, ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დასჭირდება სამედიცინო თუ სხვა რაიმე ტიპის მომსახურება, დავეხმარებით. ჩვენ გავაკეთეთ ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, სადაც ასევე უპირობოდ ვთავაზობთ და გთავაზობთ ბიზნესშესაძლებლობების, განათლების, მოგზაურობის და სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობას“, – აცხადებს თალაკვაძე.

დაურ კოვემ სოციალურ ქსელში თალაკვაძის აღნიშნული განცხადების ციტირება მოახდინა, ასევე გაავრცელა, მისივე მტკიცებით, „საქართველოს საელჩოს თანამშრომლის წერილი ევროპული ქვეყნის საგარეო უწყების თანამშრომლისადმი“, სადაც „მოწოდებაა არ შეუშვას მისი ქვეყნის მოქალაქე, კულტურული ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე აფხაზეთში. სამწუხაროდ, ყველაფრის გამოქვეყნება არ შემიძლია, რომ ჩვენს სტუმარს პრობლემა არ შეექმნას”, – აცხადებს კოვე.

მისივე მტკიცებით, წერილში ასევე წერია: „ჩვენი მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, ჩვენი პრობლემის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შევატყობინებთ ამის შესახებ. ჩვენ უკვე დავუკავშირდით ბატონ …. (ტელეფონი….) და ვითარება მოკლედ ავუხსენით. იმედს ვიტოვებთ, რომ აფხაზეთში გამგზავრებაზე უარს იტყვის. თუ ის თქვენ დაგიკავშირდათ, გთხოვთ გავლენა მოახდინოთ და ვითარება თქვენი მხრიდანაც აუხსნათ“, – აღნიშნულია წერილში.

საქართველოს ხელისუფლების ასეთ მიდგომებს პრაქტიკულად ყოველ დღე ვაწყდებით. ლამაზი შეფუთვის მიღმა ყოველთვის იმალებოდა და იმალება ერთიდაიგივე. ბატონი თალაკვაძის ზღაპრული ფრაზის ანალიზი კი, დაუსრულებლად შეიძლება. მაგრამ არის რო, საჭირო?“,- დაწერა დაურ კოვემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები