რა მოხდა 2018 წლის 6 ივლისს გორში – რას ყვებიან გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები

თორნიკე მერებაშვილის საქმეში ბრალდებული ზვიად კოჩუაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 ნოემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კოჩუაშვილი პოლიციამ ტრაგიკული შემთხვევიდან 8 თვის შემდეგ, თებერვალში დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტს გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქმეში ბრალდებულის გათავისუფლება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც, გამოძიების დროს ბრალდებულის დაკავება 9 თვეზე მეტი ხნით არ შეიძლება.
ზვიად კოჩუაშვილი „რეგიონულ კვირასთან“ 2018 წლის 6 ივლისის ღამის დეტალებს იხსენებს, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, მერსედესის მარკის მიკროავტობუსით მოძრაობისას, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი თორნიკე მერებაშვილის სხეული შენიშნა. კოჩუაშვილი თავს ამ დრომდე უდანაშაულოდ ცნობს.
თავად გარდაცვლილი მერებაშვილის ოჯახს საქმეში ბრალდებული კოჩუაშვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა მშობლები იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია, საქმეში ბრალდებული მნიშვნელოვანი ფაქტის თვითმხილველიც გახდა. მერებაშვილებისთვის მიუღებელია გამოძიების ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მათი შვილის გარდაცვალების მიზეზად ავტოსაგზაო შემთხვევა სახელდება. გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი ოჯახის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხებზეც საუბრობს, რომელიც მთლიანად ემიჯნება პირველი სამედიცინო დასკვნის პასუხს. ოჯახის მტკიცებით, თორნიკე ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მხოლოდ მკვლელობის შემდეგ მიიტანეს გვამი იმ ადგილას, სადაც ზვიად კოჩუაშვილმა აღმოაჩინა.
“რეგიონული კვირა” საქმეში მოწმის სახით დაკითხულ იმ პირებსაც დაუკავშირდა, რომელთაც მერებაშვილი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნახეს. კობლიაშვილების ოჯახი, სადაც თორნიკე მერებაშვილი უბედურ შემთხვევამდე იმყოფებოდა, სუფრაზე მომხდარ კონფლიქტზე საუბრობს, თუმცა მათი განმარტებით, მერებაშვილმა სუფრა მალევე და მარტომ დატოვა.
​საკუთარი შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს ტერმაკოზაშვილების ოჯახიც. თეა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ თორნიკეს და მის შვილს კონფლიქტი არასდროს მოსვლიათ.
„რეგიონულმა კვირამ“ მერებაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის წარმომადგენელ ნანა გუგუტიშვილთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა პროკურორი კონტაქტზე არ გამოვიდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები