არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიმართვიდან 1 წლის შემდეგ ჩვენ ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ხალხთან

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიმართვიდან ერთი წლის შემდეგ კომუნიკაცია საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის გახდა ძალიან ინტენსიური – ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით კონტაქტზე საზოგადოებასთან, ვისმენდით მათ კრიტიკულ მოსაზრებებს და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით იქ, სადაც შეგვეძლო და სადაც შესაძლებელია მომავალში” ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით ბიძინა ივანიშვილის მიმართვიდან ერთი წლის შემდეგ, ასეულობით შემთხვევაში, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე მაგალითიც დაასახელა.

„უახლესი მაგალითი არის ის, რომ პრემიერმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა მოამზადეს ახალი ინიციატივა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებზე თითქმის ყველა მოქალაქე გვესაუბრებოდა შეხვედრებზე. ეს ინიციატივა დღეს გამოქვეყნდა. ასევე, შეიცვალა ის, რომ დღეს მთავრობა მუშაობს ბევრად უფრო სწრაფ რეჟიმში და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პირადი მაგალითიც გვაჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი და რას უნდა აკეთებდეს ლიდერი, როდესაც ასეთ განცხადებით მიმართავს საზოგადოებას – ბევრ სხვა ახალ ინიციატივასთან ერთად, ეს იყო აბასთუმანი და წყალტუბო. ასევე, ერთერთი გადაწყვეტილება და ინიციატივა იყო, მათ შორის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტშიც იქნება ასახული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების მოსაზრებების და პრობლემების ასახვას მმართველი გუნდი 2020 წლის ბიუჯეტშიც გეგმავს.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები