ეკატერინე ტიკარაძე: ტელემედიცინის პირველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია – „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გაიმართა.

მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე რეფორმა წარმოადგინა. ერთ-ერთი რეფორმა დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას ეხება, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისების ტარიფების გათანაბრებას. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. მინისტრის თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის.

,,აუცილებელია, პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის მიმართულებით”, – განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკირაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებაზე – ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობის მნიშვნელობაზე, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი.
,,ეს საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია. ტელემედიცინის პირველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეოზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.
რეფორმა შეეხება მედიკამენტების საკითხსაც, რადგან სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი”, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები