იგორ კოჩიევი: თამარ გიგაური საავადმყოფოდან გაწერეს და ის თავს კარგად გრძნობს
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტკონფლიქტურ საკითხებში, ეგორ კოჩიევი აცხადებს, რომ ახალგორის რაიონის მცხოვრები თამარ გიგაური 5 ნოემბერს ცხინვალის საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
მისივე თქმით, თამარ გიგაურის მდგომარეობა არანაირ შეშფოთებას არ იწვევს და ქართული მედიის და ცალკეული მინისტრების ისტერიკას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
ეგორ კოჩიევი ტყუილს უწოდებს ქართული, ანუ „არამეგობრული სახელმწიფოს მედიასაშუალებებით“ გავრცელებულ ცნობებსაც, რომ „თითქოსდა სიკვდილის პირას მყოფ პაციენტ ქალს საქართველოში სამკურნალოდ არ უშვებენ“.
მისი თქმით, „დეზინფორმაცია და ტყუილი საქართველოს ხელისუფლების სავიზიტო ბარათად იქცა“.
ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამარ გიგაურმა გასულ კვირას, ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო და მისი ოჯახი პაციენტის გადაყვანას თბილისის კლინიკაში ითხოვდა. ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა ჰუმანიტარული მიზნით გაეხსნა ახალგორთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი. ახალგორთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანა არის დაკეტილი.
დღეს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ გიგაურისთვის ოპერაცია ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.