ნინო ლომჯარია კინოფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შსს-ს პრევენციული ღონისძიებებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი კინოჩვენებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შსს-ს პრევენციული ღონისძიებებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გატარდეს პროაქტიული პრევენციული ღონისძიებები “ქართული მარშის“ მიერ კინოფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას თბილისისა და ბათუმის კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირების დაანონსებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებამ უზრუნველყოს როგორც ლგბტ თემის წარმომადგენელთა ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე ყველა პირის უსაფრთხოება.

პრევენციული ღონისძიებების გატარების მოთხოვნით სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილით 2019 წლის 5 ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა და არა იმგვარი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. აღნიშნული მიზნით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

საუბარია ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დაგეგმილ პრემიერაზე.

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამაა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები