აფრიკაში ბერძნულ ტანკერს მეკობრეები თავს დაესხნენ – აყვანილი ტყვეებიდან ერთ-ერთი ქართველია

აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან ბერძნულ ტანკერ Elka Aristotle-ს მეკობრეები დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს. ტყვეებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ტანკერს მეკობრეები 4 ნოემბერს, დილის 3 საათზე დაესხნენ თავს.
ერთი ქართველი მეზღვაურის მეკობრეების მიერ გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რეგიონული კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში, ლომეს პორტში. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე.
ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთმფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი. ამასთან, აღინიშნა, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომლიც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია,” –  ნათქვამია საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები