მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

ტურისტულ ზონებში მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდ ნაგებობას ამჯერად მესტიაში ააშენებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და ერთობლივი საწარმო Toshiba & In-Si-ის წარმომადგენელმა, ზვიად თოიძემ მოაწერეს.
მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა დღემდე არ არსებობს. როგორც “კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების “გამწმენდი ნაგებობა აშენდება, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხეს.
ობიექტი უნდა შედგებოდეს სატუმბი სადგურების, ფილტრების, აერაციის და დალექვის ავზებისაგან, ასევე, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან, დამატებით მოეწყობა დაახლოებით 2,5 კმ. წყალარინების ქსელი.
გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 21,014,000.00 ლარით აფინანსებს.
წყალარინების გამწმენდი ნაგებობები შენდება: მარნეულში, ანაკლიაში, ზუგდიდსა და გუდაურში. ობიექტების მშენებლობები დაგეგმილია: ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, მარტვილში, ხაშურში, სტეფანწმინდაში, სოფელ მუხრანში, დაბა ფასანაურში, ბახმაროსა და აბასთუმანში. უკვე დასრულდა ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა”,-ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები