ერაყში აქციის მონაწილეები ირანის საელჩოს თავს დაესხნენ

ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეები კერბელში მდებარე ირანის საელჩოს შენობას თავს დაესხნენ.

Aljazeera-ს ინფორმაციით, დემონსტრანტებმა შენობიდან ირანის დროშა ჩამოხსნეს და ერაყის დროშით ჩაანაცვლეს, ასევე, დიპლომატიურ დაწესებულებასთან მდგომ ავტომობილებს ქვები დაუშინეს.

სამართალდამცველებმა ჰაერში სროლა დაიწყეს.

არეულობაა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

ბაღდადში სამთავრობო და საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურულია. ასევე არ მუშაობს მთავარი პორტი.

ქვეყნის პრემიერმა ადელ აბდულ მახდიმ აქციის მონაწილეებს მიმართა.
მისი თქმით, მოქალაქეებმა მიზანს მიაღწიეს – მანიფესტაციებმა ერაყის პოლიტიკური სისტემა შეარყიეს, მან ხალხს დაშლისკენ მოუწოდა.

„არსებობს ქვეყნის ნავთობ ინტერესების მიმართ საფრთხე, პორტებთან მისასვლელი გზების გადაკეტვამ ეკონომიკა მილიარდი დოლარით დააზარალა“, – აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ აქციის მონაწილეების ქმედება საკვებზე ფასების მატებას და ინფლაციას გამოიწვევს.

საპროტესტო აქციები ერაყში პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა.

ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 157 დემონსტრანტი და 8 სამართალდამცველი დაიღუპა. ერაყის სამთავრობო კომიტეტმა, რომელიც ქვეყანაში არეულობის დროს დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებს იძიებდა, 22 ოქტომბერს ანგარიში გამოაქვეყნა და მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ძალოვნებს დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები