გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების 10 მსჯავრდებული დასაქმდა

იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, დოკუმენტების დიგიტალიზაციის (გაციფრების) პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან.

პროექტის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულების 10 მსჯავრდებული დასაქმდა და მათი ყოველთვიური სარგო 300 ლარს შეადგენს. სამუშაოს დაწყებამდე, მათ სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს.

“იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, გლდანის საპყრობილეში უკვე გვაქვს ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შვიდი მსჯავრდებული სოფლის მეურნეობის სფეროში არის დასაქმებული. დღეს იწყება მეორე პროექტი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში და ის არის უპრეცედენტო, რადგან პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დიგიტალიზაციის პროექტში და ექნებათ სტაბილური შემოსავალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი. პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა.

ამასთან, პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 10 მსჯავრდებული დოკუმენტაციის დიგიტალიზაციის სრულ პროცესში გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სკანირებას განახორციელებს.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2014 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანა. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება, სულ მცირე, 1 000 000 აქტის ასახვა ელექტრონულ ბაზაში და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირება შესაბამის ელექტრონულ აქტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები