“ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ქალის საკითხი კატეგორიულად მიუღებელი და დასაგმობია, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად ვახორციელებთ”
ეს მართლაც არის კატეგორიულად მიუღებელი, დასაგმობი და ჩვენ ამას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, აქტიურად ვახორციელებთ, – ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალბატონის საკითხზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მიეცა.
“ეს მართლაც არის კატეგორიულად მიუღებელი, დასაგმობი და ჩვენ ამას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, აქტიურად ვახორციელებთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებს და მოსახლეობას, რომლებიც იქ ცხოვრობენ, შეუმსუბუქდეთ ეს ჰუმანიტარული მდგომაროება. ამ თვალსაზრისით, ყველა ინსტიტუტი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი, ასევე შესაბამისი სამინისტროები აქტიურ ნაბიჯებს დგამენ, იმისთვის რომ მათ შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ”, – განმარტა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს.
ერთადერთი რეანომობილი კი რომელიც ოკუპირებულ ცხინვალშია ახალგორში დაგვიანებით ჩავიდა.
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ.