ხათუნა ლაგაზიძე ანაკლიის პორტზე: ეს არის მომავლის საქართველოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი
დარწმუნებული ვარ რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ხორციელდება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ხათუნა ლაგაზიძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ლაგაზიძე, პარლამენტში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან მიმდინარე დღევანდელ შეხვედრას მიესალმება.
“ეს არის მომავლის საქართველოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი, არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. სწორედ, ამიტომ ხვდება ამხელა წინააღმდეგობა ანაკლიის პორტს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და დღევანდელი შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ გავარკვიოთ ვინ დგას რეალურად ამ ხელის შეშლის მიღმა, რა წვლილი მიუძღვის ამაში საქართველოს ხელისუფლებას, როგორია რუსეთის ზეწოლის მასშტაბები საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ხორციელდება”, – აღნიშნა ლაგაზიძემ.