აქციების ფონზე ლიბანის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა და ქვეყნის პრეზიდენტს მიშელ აუნს მთავრობის გადაყენების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ ჰარირიმ ტელეარხის al-Mayadeen-ის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ვითარება ჩიხშია შესული და მისი გადაწყვეტილება ლიბანის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს პასუხობს.

„ჩემი გადაყენების საკითხი პრეზიდენტის განკარგულებაშია“, – აღნიშნა პრემიერმა.

ლიბანში 17 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შეკრებილები მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნას, ასევე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები გზების ბლოკირებას ახდენენ, გზებზე ბარიკადებს აგებენ, რამდენიმე უნივერსიტეტმა სწავლა შეწყვიტა, ყველა კომერციული ბანკი გაჩერებულია.

ანტისამთავრობო აქციების ფონზე ჰარირიმ 21 ოქტომბერს რიგი რეფორმები დააანონსა, მათ შორის იყო მინისტრებისა და დეპუტატების ხელფასების 50%-ით შემცირება.

პრემიერმა პირობა დადო, რომ კორუფციასთან ბრძოლის კანონს მოამზადებს. გარდა ამისა, ლიბანის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ ღატაკი ოჯახებისთვის შემწეობა იქნება გამოყოფილი. თუმცა აქციები მაინც გაგრძელდა.

სხვადასხვა მონაცემით, საპროტესტო აქციებში ლიბანის მოსახლეობის ნახევარი მონაწილეობს, რომელიც 4 მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები