მაია ცქიტიშვილი: არ გააჩნია შესაძლებლობა, ეს არის ის ფორმულირება, რომელიც უშუალოდ “მერიდიანისგან” მივიღეთ
არ გააჩნია შესაძლებლობა, ეს არის ის ფორმულირება, რომელიც უშუალოდ “მერიდიანისგან მივიღეთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი “Meridian Capital NL B.V”-ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ გააჩნია.
“არ გააჩნია შესაძლებლობა ეს არის ის ფორმულირება, რომელიც უშუალოდ მერიდიანისგან” გვაქვს მიღებული. სიმართლე გითხრათ ჩვენ დეტალები და ახსნა-განმარტებები არ მოგვითხოვია. ისევე როგორც მანამდე “კონტი ჯგუფისთვისაც” არ მოგვითხოვია. ეს არის ინვესტორის ნება, ინვესტორის გადაწყვეტილება და არ არის ალბათ მიზანშეწონილი დამატებით ინვესტორი შევაწუხოთ. კონსორციუმი ახორციელებს მოლაპარაკებებს ინვესტორებთან და როგორც, უშუალოდ კონსორციუმისგან ვიცი არის რამდენიმე ფონდი, რამდენიმე ინვესტორი, რომელიც ამ პროექტით არის დაინტერესებული”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში ღია შეხვედრების გამართვა ამ პროექტს ხელს ვერ შეუწყობს.
ცნობისთვის, 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “Meridian Capital NL B.V”-ის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა, რომელმაც დაადასტურა, რომ “Meridian Capital NL B.V”-ს მოცემულ ეტაპზე ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ გააჩნია, რისთვისაც საქართველოს მთავრობისგან “Meridian Capital NL B.V”-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება ითხოვა.