რუსეთში მამაკაცთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად არაყი სახელდება

   არაყი რუსეთში მამაკაცების სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად ითვლება. ამ დასკვნამდე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა. სტატისტიკა და მეცნიერთა ჯგუფის სტატია ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ “The Lancet”-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა, პროფესორ დავიდ ზარიძის ხელმძღვანელობით, რუსეთის სამ ქალაქში – ტომსკში, ბარნაულში და ბისკეში მრავალი წლის განმავლობაში ჩაატარეს რეტროსპექტული გამოკვლევები. ეს კვლევები 15 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას აფინანსებს ბრიტანული სამედიცინო კვლევის საბჭო, ბრიტანული კარდიოლოგიური ფონდი, ბრიტანეთის კიბოს გამოკვლევის ცენტრი, ევროკავშირი და საერთაშორისო სააგენტო.
როგორც ონკოლოგიური კვლევების პროფესორმა ზარიძემ “ბი-ბი-სის” რუსულ ბიუროს შეატყობინა, მისი კვლევა 1999 წელს დაიწყო და ციმბირის სხვადასხვა ქალაქიდან 200 ათასი ადამიანი მოიცვა. გამოკითხვა მამაკაცების ნათესავებზე ტარდებოდა, რომლებიც 35-69 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. კვლევას უბნის ექიმებთან ერთად აწარმოებდნენ, რომლებიც ადრეულ ასაკში გარდაცვლილ მამაკაცთა ნათესავებს ანკეტებს ავსებინებდნენ.
გამოკითხვამ გამოააშკარავა, რომ მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი, ძირითადად, არყის დიდი რაოდენობით მიღებაა.
“ტომსკში და ბარნაულში 50 ათასი გარდაცვლილი შევარჩიეთ და მათი ნათესავები გამოვკითხეთ: რის გამო გარდაიცვალნენ ეს მამაკაცები, რომელ და რა რაოდენობით სასმელს სვამდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ თუ არა და რაიმე სენით თუ იყვნენ დაავადებულნი. ინფორმაციის მიღების შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ რუსეთში მაღალი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არყის დიდი რაოდენობით მიღება იყო“,- განაცხადა პროფესორმა ზარიძემ.
გაირკვა, რომ 60 წლამდე ვერმიღწევის სიკვდილის დიდი რისკი მსმელებს და სიგარეტის მწეველებს ემუქრებათ. გარდაცვლილთა 30% აქტიურად ეწეოდა და სვამდა, რაც 2,5 პროცენტით მეტია არამსმელ მწეველებზე. გაირკვა, ისიც, რომ სასმელის დიდი რაოდენობით მიღებით ადამიანის გარდაცვალების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. 35-54 წლის ასაკში 16% შეადგენს, ხოლო ის, ვინც კვირაში სამ ბოთლ არაყზე მეტს სვამს, მათ 35%-ს გარდაცვალების საფრთხე ემუქრებათ. 55 – დან 74 წლამდე ნაკლებად მსმელთა ჯგუფში სიკვდილიანობა 50%-ს შეადგენს, ხოლო ვინც სამ ბოთლ არაყს იღებს – 64%.
კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლური რეფორმები დაიწყო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები