გივი მიქანაძე: იმ ოჯახების მოსწავლეები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 60 000 ქულით ან უფრო ნაკლებით არიან შეფასებული, სახელმწიფოსგან ფორმას უფასოდ მიიღებენ
„კი, მშობელმა უნდა შეუკეროს ფორმა, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს ბავშვისთვის და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ფორმებს უფასოდ მიიღებენ.
„თუმცა, აქაც სახელმწიფო ითვალისწინებს გარკვეულ გარემოებებს – იმ ოჯახების, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არიან 60 000 ქულით ან უფრო ნაკლებით, 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები სახელმწიფოსგან მიიღებენ ფორმას უფასოდ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, ყველა საჯარო სკოლაში ფორმა სავალდებულო იქნება შემდეგი, 2026-2027 სასწავლო წლიდან. ფორმის დიზაინის შესარჩევად კი, საჯარო კონკურსი და განხილვა შედგება.