ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული. სამუშაო შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითიშვილმა კომპანიების წარმომადგენლებსა და შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს 2014 წლის სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროგრამები გააცნო, მიმდინარე მოვლენების ანგარიში წარუდგინა. როგორც დავითიშვილმა განაცხადა, წლეულს ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს.
“მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს, დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები; მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა; ღვინის ლაბორატორიული კვლევები; საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია; იშვიათი და უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენის ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევების წახალისება; ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა; აღნიშნული ღონისძიებების გატარება უზრუნველყოფს: ქართული ღვინო-პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას, საექსპორტო ბაზრებზე დაბალხარისხიანი, ან ფალსიფიცირებული პროდუქციის აღკვეთას, ვენახების ეროვნული კადასტრის ფორმირებას; ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშებით გაშენებული ფართობების რაოდენობის ზრდას“,- განაცხადა ლევან დავითიშვილმა. შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის მიზნით და დარგის რეალურად განვითარების ხელშესაწყობად სამუშაო შეხვედრების ყოველთვიურად ჩატარების წინადადება დადებითად შეაფასეს.