ქეთევან ციხელაშვილი: ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების შეფერხება თუ დაკავება პროვოკაციული მოქმედებაა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების შეფერხება თუ დაკავება რამე ფორმით, პროვოკაციული მოქმედებაა. მისივე განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება.
როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი სხვა თემებთან ერთად დღეს ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრაზე დაისმება.
„მინდა, ცალსახა შეფასება მივცე ამ ფაქტს. როდესაც ხდება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების შეფერხება თუ დაკავება რამე ფორმით, ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათი შეკავება, მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მით უმეტეს, ამაზე გარკვეული განცხადებების გაკეთება ცალსახად პროვოკაციულია.
ახალგორის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა უამრავი ადამიანისთვის, ახალგორელებისთვის, მაგრამ არამხოლოდ, ხაზგასმით ვამბობ, რომ ცხინვალის რეგიონში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათი უფლებების ძალიან უხეში დარღვევა. ამიტომ, როგორც ქართული მხარისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისათვის ამ საკითხის მოგვარება, ანუ გადასასვლელის უპირობოდ გახსნა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ასევე დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს.
ამასთან, აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე განიხილება.