ერევანმა მოსკოვთან იარაღის მიწოდების ტენდერი ჩაშალა – რუსეთმა სომხეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსეთმა სომხეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ამის მიზეზი იარაღის მიწოდების ტენდერის ჩაშლა გახდა, რომელშიც რუსული ORSIS მონაწილეობდა, წერს რუსული მედია.

„რია ნოვოსტი“-ს წყაროს ინფორმაციით, სომხურ მხარეს დოკუმენტი ჯერ არ მიუღია. მასში რუსეთი სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავიდ ტონოიანს შექმნილ ვითარებაში გარკვევისკენ მოუწოდებს.

წყაროს ინფორმაციით, ნოტა 22 ოქტომბერს რუსეთის „მინპრომტორგის“ უფროსის მოადგილის მიერ არის ხელმოწერილი.

მასში ნათქვამია, რომ ტენდერში ORSIS-ის მონაწილეობაზე უარი „ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნა ნათქვამი“, თავად კომპანია კი, სომხეთის შეიარაღებული ძალების „არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების სიაში იქნა შეყვანილი“.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ „ბანკს არაკანონიერად მიმართა და ტენდერში მონაწილეობის საბანკო გარანტიების გადახდა მოითხოვა“, მაშინ როდესაც კომპანიამ, კანონის თანახმად, მსგავსი კომპენსაციის გადახდა უნდა უზრუნველყოს იმ შემთხვევაში თუ ტენდერს ის მოიგებდა, ან კონტრაქტის ხელმოწერაზე უარს იტყოდა.

აგვისტოში ORSIS-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიასთან რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ტენდერი ჩაიშალა, ერევანში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებაშიც დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები