ქეთევან ციხელაშვილი: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში ძალიან მძიმეა

ციხე და იზოლატორები არ არის ერთადერთი საკითხი, ზოგადად, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში ძალიან მძიმეა, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში გადაღებულ სკანდალურ კადრებს, სადაც პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობაა ასახული.

“ძალიან ძნელია დადასტურებით ისაუბრო რა ხდება, მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, არათუ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს წვდომა, ადამიანის უფლებების დაცვის არც ერთი საერთაშორისო მექანიზმი არ არის წარმოდგენილი ცხინვალის რეგიონში და უკვე წლების განმავლობაში მიზანმიმართულად არა აქვს წვდომა. ციხე და იზოლატორები არ არის ერთადერთი საკითხი, ზოგადად, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ცხინვალის რეგიონში არის ძალიან მძიმე”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში პროტესტის ნიშნად მოშიმშილე პატიმრებს 2 ოქტომბერს ომონის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს. პატიმრებმა შიმშილობა დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციის გამო დაიწყეს, რომლის თანახმადაც, პატიმრების ახლობლებს მათთვის საკვების შეგზავნა მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლებათ. შიმშილობის პერიოდში საპატიმრო დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები