პენტაგონი ავღანეთიდან ჯარის სრული გაყვანის გეგმას ამუშავებს

პენტაგონში ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის სრული გაყვანის გეგმას ამუშავებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC უწყებაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, გეგმა როგორც „უსაფრთხოების ზომა“ მუშავდება იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპი სირიის მსგავსად, ჯარის გაყვანის უეცარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამჟამად, თეთრ სახლს ავღანეთის ტერიტორიიდან ჯარის ფართომასშტაბიანი გაყვანის განკარგულება არ გაუცია, – აღნიშნავს NBC.

მანამდე, პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ-ს ანტიტერორისტული ოპერაციისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის 8,6 ათასამდე შემცირება შეუძლია.

აშშ-მა სირიიდან ჯარი რამდენიმე კვირის წინ გაიყვანა, იმ მოტივით რომ ვაშინგტონმა „ისლამური სახელმწიფო“ მთლიანად გაანადგურა. ჯარის გაყვანას კი, თურქეთის მხრიდან სირიის ჩრდილოეთით ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ მოჰყვა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ არ იბრძოლებს, ამასთანავე აღნიშნა, რომ ქურთები, რომლებიც აშშ-ს 8 წლის განმავლობაში „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ, „ისლამურ სახელმწიფოზე“ საშიში ორგანიზაციაა.

რაც შეეხება ავღანეთს, აშშ თითქმის ერთი წელიწადია რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მართავს. შეთანხმების საგანია: ერთის მხრივ „თალიბები“ ცეცხლის შეწყვეტის პირობას დადებენ, აშშ კი, სანაცვლოდ, რეგიონიდან ჯარს გაიყვანს.

სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეული, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თალიბებთან“ გარიგებაში არ შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები