ჩილეში საპროტესტო აქციების შედეგად მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ჩილეში, ქალაქ სანტიაგოში საპროტესტო აქციის შედეგად მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

“ბიბისის” ცნობით, ორი ადამიანი მაღაზიაშივე დაიღუპა, მესამე კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. დღეს ჩილეს ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანა. ქალაქის მასშტაბით მომიტინგეებმა მაღაზიებს, მეტროს ვაგონებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტს ცეცხლი წაუკიდეს, აღმართეს ბარიკადები. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციები ჩილეში მას შემდეგ იმართება, რაც ერთი კვირის წინ ხელისუფლებამ მეტროთი მგზავრობის საფასურის 800-დან 830 პესომდე გაზრდა დააანონსა. დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე შეტაკებების დროს 150 ადამიანი დაშავდა, 300-ზე მეტი დემონსტრანტი კი დაკავებულია. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ დედაქალაქ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები