ექვსდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ბარსელონაში სიმშვიდეა
ექვსდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ბარსელონაში სიმშვიდეა. გასული ღამის მასშტაბური აქციის შედეგად, ქალაქის ცენტრში რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. მუნიციპალური სამსახურები ქალაქს დილიდან ასუფთავებენ.
ნიღბიანმა ახალგაზრდებმა 19 ოქტომბერს გამართული აქციის დროს გზები გადაკეტეს, სანაგვე ურნები დაწვეს და პოლიციას ქვები ესროლეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. პოლიციამ საერთო ჯამში 200-მდე ადამიანი დააკავა.
დაპირისპირების შედეგად რეგიონში 182 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 152 ბარსელონაში. სამედიცინო დახმარება პოლიციის 17 თანამშრომელს დასჭირდა.
კატალონიაში საპროტესტო აქციები 14 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის შემდეგ დაიწყო. სასამართლომ კატალონიელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც 2017 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი დააორგანიზეს, 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ესპანეთის ხელისუფლება კარლეს პუიჩდემონს და მისი გუნდის ყოფილ წევრებს ამბოხებისკენ მოწოდებასა და თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს.