გია ვოლსკი: ოკუპაციის პროცესი იმ მძიმე შეცდომებმა და დანაშაულებრივმა შეცდომებმა განაპირობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ განახორციელა

ოკუპაციის პროცესი იმ მძიმე შეცდომებმა და დანაშაულებრივმა შეცდომებმა განაპირობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ განახორციელა,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

“რუსეთი არის ოკუპანტი. ოკუპაციის პროცესი გრძელდება, ეს არის შეფასება. ოკუპაციის პროცესი განაპირობა იმ მძიმე შეცდომებმა, დანაშაულებრივმა შეცდომებმა, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ჩვენ ამ ვითარებაში უნდა მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი, რასაც ჰქვია ჩვენი ადამიანებისადმი ყურადღების მიქცევა. მაქსიმალურად იმ დანაკარგების ანაზღაურება, რასაც ამ ბორდერიზაციას თან ახლავს და ის ინტენსიური ზეწოლა, რასაც მსოფლიო ახორციელებს რუსეთის ფედერაციაზე”,- აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ატოცში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გუშინ განაახლეს.

დღეს, კი ადგილზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სამუშაოები არ განუახლებიათ, თუმცა გავლებული ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრულირებენ.

სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, გუშინ კი ღობის გავლება დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაქტზე საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებულია, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.
ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ქართველი პოლიციელები, მედიის წარმომადგენლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები