საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა კარლეტონვილის მაღაროებში ინტენსიური წვრთნები გაიარეს(ვიდეო)

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კარლეტონვილში მაღაროებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 8 მეხანძრე-მაშველმა  სამაშველო ოპერაციის ინტენსიური წვრთნა გაიარა. ვიზიტის მიზანი მაღაროში მუშაობის სპეციფიკის, უსაფრთხოების წესების, არსებული საფრთხეების და წარმოქმნილს ინციდენტებზე რეაგირების მეთოდების გაცნობა იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დეტალურად განიხილეს მაღაროში ინციდენტებზე რეაგირების საფეხურები და წესები. წვრთნა შეეხებოდა სუნთქვისთვის რთულ პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, მაღაროს გვირაბებში ხანძრის ქრობისა და კედლების გაგრილების სამუშაოებს, მაღაროში მომწამვლელი აირების დადგენას, ასევე, დეტექტორების გამოყენებას.

“ვიზიტის ფარგლებში, ქართველი მაშველები მაღაროში დაახლოებით 3000 მეტრის სიღრმეზე მატარებლის მეშვეობით ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად გვირაბის გამაგრების სისტემების, აფეთქების სამუშაოებთან დაკავშირებული მოსამზადებელი ეტაპების, უსაფრთხოების ნორმების და მოპოვებული მასის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საფრთხეები დეტალურად განიხილეს. განხილვის შემდეგ, ჯგუფმა მაღაროში გადაადგილება ფეხით განაგრძო და 3500 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა, სადაც ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გრუნტის ფენების ჩამოწოლის შედეგად გარკვეული ინციდენტი მოხდა. მხარეების მიერ განხილულ იქნა ამ კონკრეტულ სიტუაციაში სამაშველო ოპერაციის წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეები”,-აღნიშნულია განცხადებაში.

მასპინძელი მხარის წარმომადგენლებმა, ვიზიტის დასრულების შემდეგ, ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადეს გამოჩენილი დაინტერესებისთვის და აღნიშნეს, რომ ისინი კარგად მომზადებულები არიან მაღაროში არსებული ფიზიკური დატვირთვებისთვისა და რთული კლიმატური პირობებისთვის.

კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს შახტებში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით, მაღალ დონეზე მომზადებული სპეციალისტების პირველი ჯგუფი ეყოლება. სამხრეთ აფრიკაში, შახტების სამაშველო სერვისების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის ბაზაზე გადამზადებული ქართველ მაშველთა ჯგუფი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კოლეგებს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები