დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა
ჰილარი კლინტონმა კონგრესმენ ტულსი გაბარდს რუსეთის ფავორიტი, ჯილ სტეინს კი რუსეთის აგენტი უწოდა, ჰილარი გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ დაწერა.
“ისევ არაკეთილსინდისიერი ჰილარი კლინტონი. მან კონგრესმენ ტულსი გაბარდს რუსეთის ფავორიტი, ჯილ სტეინს კი რუსეთის აგენტი უწოდა. შესაძლოა, გსმენიათ, რომ მეც მიწოდეს რუსეთის დიდი მოყვარული (მე მომწონს რუსი ხალხი, მე ყველა ხალხი მომწონს!) ჰილარი გაგიჟდა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მანამდე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსები დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატით ინტერესდებიან.
დასავლური მედიის ცნობით, კლინტონი სწორედ ტულსი გაბარდს გულისხმობდა. კლინტონის განცხადებას გაბარდი გამოეხმაურა და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ომის მსურველთა დედოფალი უწოდა.
ტულსი გაბარდი ჰავაის მეორე ოლქიდან წარმომადგენელთა პალატის წევრია. ჰავაის არმიის ეროვნული გვარდიის მაიორმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ნომინირების შესახებ განაცხადა.