თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: თუ ქურთული სამხედრო ჯგუფები 22 ოქტომბრამდე 30-კილომეტრიანი ზონიდან არ გავლენ, თურქეთი სამხედრო ოპერაციას განაახლებს

“ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და “სახალხო დაცვის შენაერთის“ ტერორისტებმა უსაფრთხოების ზონის შეთანხმება 20-ჯერ დაარღვიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თელ-აბიადის რეგიონში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ქურთული სამხედრო ჯგუფები თურქულ პატრულს თავს დაესხნენ და თურქეთის არმიის ერთი ჯარისკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ანკარაში აცხადებენ, რომ თუ ქურთული სამხედრო ჯგუფები 22 ოქტომბრამდე 30-კილომეტრიანი ზონიდან არ გავლენ, თურქეთი სამხედრო ოპერაციას განაახლებს.

ქურთული “სირიის დემოკრატიული ძალების“ სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, ქურთები თურქეთის საზღვრიდან ძალების გაყვანას მას შემდეგ დაიწყებენ, როცა თურქეთი ალყაშემორტყმულ ქალაქ რას ელ-აინიდან დარჩენილი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლების ევაკუაციის საშუალებას მისცემს.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. 17 ოქტომბერს კი, აშშ-ის შუამდგომლობით, ანკარა 120-საათიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები