ბორის ჯონსონმა ევროკავშირს ბრექსიტ-ის გადავადების მოთხოვნა გაუგზავნა
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ევროკავშირს ბრექსიტ-ის გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა მისთვის ხელი არ მოუწერა,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
“მზად ვარ იმისთვის, რომ ევროსაბჭომ ბრიტანული პარლამენტის მიერ მოთხოვნილ გადავადებას დაუჭიროს მხარი, პრემიერის პოსტზე არჩევის დღიდან მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ბრექსიტ-ის გადავადება ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ინტერესებს და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს დააზარალებს. ვისურვებდი, რომ ბრიტანულ პარლამენტს სხვა გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა უკვე 21 ოქტომბრიდან მთავრობა დაიწყებს მუშაობას იმაზე, რომ პროცესი 31 ოქტომბრამდე დავასრულოთ“, – ნათქვამია ბორის ჯონსონის წერილში.
“ბიბისის” ინფორმაციითვე, მიმართვის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ ბრექსიტ-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტ-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის ბრექსიტ-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-ინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა. ლონდონმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.
ბრექსიტ-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგა.