თედო ისაკაძე: მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობრივი ზრდა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო ისაკაძემ შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობრივი ზრდა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
“ავტოპარკის განახლება, ახალი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა ცოცხალი პროცესია, რომელიც ზოგჯერ ხარვეზებით, შეყოვნებით მიმდინარეობს, თუმცა ეს დემოკრატიის ერთგვარი ტვირთია”, – აღნიშნა თედო ისაკაძემ.
საკრებულოს წევრის განცხადებით, ოპოზიციისთვის მსგავსი პროცესები გაუგებარია, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში, ასეთ საკითხებს ბევრად უფრო მარტივად და სწრაფ რეჟიმში, უსამართლოდ წყვეტდნენ. ამჟამად კი ტენდერში დამარცხებული კომპანიები ზოგ შემთხვევაში ჩივიან, რაც მუშაობას დროში აფერხებს.
“ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოკლევადიანი, სწრაფი ეფექტებია, თუმცა ჩვენ ყველას მოგვეხსენება მისი გრძელვადიანი შედეგები. შემიძლია გითხრათ, რომ ავტობუსების დაანონსებული რაოდენობა უმოკლეს ვადებში ავტოპარკს შეემატება”, – განაცხადა თედო ისაკაძემ.
საკრებულოს წევრი ტაქსების რეგულაციის შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობამ ინიციატივაზე მუშაობისას მაქსიმალურად გაითვალისწინა ყველა მხარის ინტერესი.
“რაც შეეხება ტაქსებს, იყო ბევრი უხარისხო ავტომობილი, რეგულაციამ მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა. დედაქალაქში ტაქსების რაოდენობის სიმცირე ნამდვილად არ აღინიშნება”,- განაცხადა თედო ისაკაძემ.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, თბილისი არაერთი ცივილიზებული ქალაქის მაგალითს მისდევს და კერძო მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდომის გადაწყვეტილების პოპულარიზაციას ცდილობს.
“ჩვენ ვიცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის ნაბიჯები პროგრესულია და ამიტომაც ოპოზიციის გაღიზიანება გასაგებია“, -აღნიშნა თედო ისაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები