„ერთი ვიდეოთვალი რა გაუხდა საქართველოს, რომ წმინდა მიწაზე შოთა რუსთაველის  უნიკალური ფრესკა დაიცვას?“

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი – თემურ ჩალაბაშვილი და გიორგი ანდრიაძე

თბილისის საპატიო მოქალაქე, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი თბილისზე, ცხოვრებაზე და იერუსალიმურ შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა.

– ისრაელი პატარა ქვეყანაა რიცხობრივად, თორემ დიდი ქვეყანა ყოფილა. ქრისტეს, უფლის სამშობლო პატარა ქვეყანა როგორ იქნება? უმთავრესი კი ის არის, რომ აქედან წასვლის მერე მეგონა, სამოთხეში მოვხვდი. გულახდილები უნდა ვიყოთ. ასე აღმოჩნდა.
იქ ჩასვლა სხვა სიყვარულს ნიშნავს, მაინც სულიერება იქიდან მოდის.
73 წლის, გვიან  შექმნილი ქვეყანაა და როგორ დუღს და გადმოდუღს სიცოცხლე. ჩვენ სამწუხარო საქართველოდან წავედით. ეს იყო საპატრიარქოს დამსახურება, რომ მე იქ ჩასვლამ მომიწია, პირველად და თანაც, საოცარი სიყვარული მიმდევდა. სანამ იქ ჩავიდოდი, ათას რამეზე ვფიქრობდი,  მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მენატრებოდა იქაურობა. ჯვრის მონასტერს მანამდე  მხოლოდ სიზმრად ვხედავდი.
საპატრიარქოს დელეგაციას მეუფე ანანია ჯაფარიძე ახლდა, ჩვენთან ერთად იყო გიორგი ანდრიაძე, ასევე – მეუფეს მრევლი… იქ გახდა მეუფე ანანია 70 წლის და იქ მიულოცეს იუბილე, ქართული საგალობლები შესრულდა. ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ფილუმენოსი არაბი ქრისტიანია, რა კარგი შეხვედრა ჰქონდათ ერთმანეთთან მეუფეებს.
ახლაც თვალწინ მიდგას,  როგორ გადაეკონნენ ერთმანეთს ჩვენი და ისრაელის მეუფეები…
რა გვითხრა, იცი, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა? მონასტერში ვიდეოთვალი არ აყენია და შეიძლება ქრისტიანული ხატები ისევ დააზიანონ, ამას ქართველები რატომ არ უვლითო, საყვედურივით გვითხრა. დამნაშავესავით ვიგრძენით თავი. აქ, ჩვენთან რომ ძალიან პატრიოტობენ და სიყვარულის პარტიებს ქმნიან, ნუთუ არ შეიძლება, დაფინანსდეს და ვიდეოთვალი გაკეთდეს, 10 ათასი დოლარიც არ უნდა ამის დაყენებასო, ერთი ვიდეოთვალი რა გაუხდა საქართველოს, რომ დააყენოს წმინდა მიწაზე, ჯვრის მონასტერში?

იერუსალიმში

ეს ხომ ქართული კულტურის ყველაზე დიდი სიყვარულია, უძვირფასესი სიწმინდე და საგანმანათლებლო კერაა ქართველებისთვის, იქ თამარის ხატია, პეტრე იბერის,  იქ არის „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“… იმხელა სიყვარულია საქართველოსი.
გვითხრეს, ტაძარში არაქრისტიანებიც შედიან და აზიანებენ სიწმინდეებსო. რამდენიმე წლის წინ ჩამოფხიკეს რუსთაველის ფრესკა, ამოჩიჩქნეს თვალები შოთას…  და ამ უნიკალური ფრესკის დასაცავად მაინც უნდა ვიზრუნოთ!
– საპატრიარქოს დელეგაციამ  იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქვევრი ჩააგდო… შიგ ქართული ღვინო ჩაისხა, ამ ისტორიული წუთების  მომსწრე იყავი…
– 3-4 ქვევრი ჩავიტანეთ, მაგრამ ჩაგდებით ერთი ქვევრი ჩავაგდეთ. იმ ქვევრს გვერდში მივუწყეთ დანარჩენები. წითელი საეკლესიო ღვინო ჩავასხით, დავლუქეთ, ჩვენებურად კახურად რომ ჰქვია,  ქვევრს თავსახური დავარქვით. გვკითხა მეუფემ, რამდენი ხნით აპირებთო  და ეს გაძლებს საუკუნეებიო, – ვუპასუხეთ. ქვევრი დავაჭერინეთ მეუფეს. სამი ქვევრი შემოვუწყეთ იმ ქვევრს გარშემო.  ეს იქნება ქართული სულის მოსახსენიებელივით.
ასწლეულების შემდეგ  იმ დღეს პირველად დაბრუნდა ქართული ქვევრი და ღვინო იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.
– დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი იერუსალიმიდან…
– ჩვენი ქართველი ებრაელები ძალიან მოგვეფერნენ, ოჯახში ვსტუმრობდით. აჯიაშვილების ოჯახში მოვხვდით.  ჯემალ აჯიაშვილზე ვისაუბრეთ,  ხაჭაპური და ღომიც კი გაგვიკეთეს.
იქ სიცოცხლე დუღს და გადმოდის, აქ სიცოცხლე იწრიტება ვითომ, მაგრამ  არ მოხდება ეგ საქართველოში…
რამდენიმე ჩანახატი გავაკეთე, რომლებიც მერე ლექსებად იქცევა, ბევრი ისეთი რაღაც ჩავიწერე, რომელიც დაუვიწყარია. ხანდახან პირადი განცდა ისტორიულ ხასიათსაც იძენს ხოლმე. მაგრამ ჯერ ვერ გამოვხატე, ეტყობა, დრო უნდა ყველაფერს. გამოიხატება, უბრალოდ არ გაივლის.
მერე კიდევ ყველაზე მეტად რამ ჩამაფიქრა. სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ახლოს იყო მკვდარი ზღვა. სანაპიროზე სულ ინვალიდების ეტლებს ვხედავდით. ძალიან შევწუხდი, რადგან ამდენი ეტლი ზღვის პირზე არასოდეს მინახავს.  აქ იმდენი ომია, ბევრი ინვალიდდებაო, – გვითხრეს. ეს ხალხი ზღვაზე გამოჰყავთ და ასეირნებენ. ყველაზე საინტერესო იყო კიდევ ის, რომ  ისრაელში ქალის კულტია, უდიდეს პატივს სცემენ ქალს, არ არსებობს, რომ დამცირება შეხვდეს მას თავის ქვეყანაში. ქალები ომში მიდიან და სამშობლოს იცავენ, სამშობლოც იცავს ქალებს.
ერთ ებრაელ კაცს ვკითხე, ოჯახში რამდენი  შვილი გყავს-მეთქი? ოთხიო, ორი გოგონა ჯარში მსახურობსო. რაღაცნაირად შემრცხვა მეომარი ქვეყნის შვილს. ზოგიერთი პარლამენტარი აცხადებს, შვილს ჯარში როგორ გავუშვებთო. აქ იცავენ ჯარისგან შვილებს, იქ კი ჯარში გოგონებიც მიდიან, – ასეთი განსხვავებული განწყობილებაა. პატარა გოგონა, რომელიც ომში მიდის და თავს სწირავს, იმას სამშობლოც იცავს. განა გმირები გვაკლია, მაგრამ ნახე, იქ როგორი სიყვარულია?
– თბილისის საპატიო მოქალაქე ხარ, ამ თბილისობამაც ჩაიარა… საფიქრალს დაგიტოვებდა…
– რაც მაწუხებს, იმაზე წერა ძალიან ძნელია. ადამიანები ხანდახან იმაზე წერენ, რაც არ აწუხებთ, თორემ წუხილზე წერა ძალიან რთულია. მაშინ ლევან გოთუას ტოლი უნდა იყო, რომ წუხილი ასე აღიქვა. ამიტომ საიდუმლოდ დარჩეს ჩვენ შორის, რას ვაპირებ.
ახლა რომ გესაუბრები, ვზივარ თბილისის უძველეს ადგილას – ორბელიანის მოედანზე. ყვავილების ვაგონები კეთდება, სილამაზეა ირგვლივ… ყვავილს ვერ დაკარგავ, ცოცხალსაც და მკვდარსაც ყვავილი უნდა. ყვავილის გარეშე არც კაცი იმარხება და არც ჩნდება. გაუმარჯოს თბილისს ყვავილებით, სითბოთი და სიყვარულით, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი –  თბილისი უნდა დაემგვანოს თბილისს…
ჩვენ ვაჟა-ფშაველას შვილები ვართ. რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადაო, – გვითხრა ვაჟამ. ვაჟას მსოფლიოს ია ურჩევნია. მოდით, იყოს ყვავილი ია ჩვენი სამშობლოს – საქართველოს გადარჩენის სიმბოლო. თბილისელებს კი ვუსურვებ, რომ ხვალ და ზეგ უკეთესი თბილისი ენახოთ. ვინც აირჩიეს საპატიო თბილისელებად, გაუმარჯოთ, ბედნიერები იყვნენ. მიეღოთ ეს ჯილდო ისე კი არა, როგორც ჯილდო, გაეშინაურებინოთ თბილისი. თბილისი შენი უნდა იყოს, – ეს ვერ გაიგო ბევრმა. ამას ვუსურვებ საპატიო თბილისელებს.
საქართველო უნდა გადარჩეს იმ ხალხის სიყვარულით, ვისაც ყვავილის მოფერების უნარი აქვს.
– უკვე ორი შვილიშვილი გყავს, პოეტისთვის რა განცდაა?

გეტა, ლუკა, თემური

– თარაშ ჩალაბაშვილი ჯერ  პატარაა, ლუკაზე  აღარ ვლაპარაკობ, რადგან ის უკვე კაცია,  რომელიც მე მასწავლის განწყობილებებს.  თარაში მოჰყავს ბეჟოს ყოველდღე ჩემთან, სახლში პატარა 30-ლიტრიანი ქვევრი მაქვს, წელსაც ჩავყარე ყურძენი და დავწურე.
ერთხელაც დაინახა თარაშმა,  რომ ღვინოს ვურევდი. მოვიდა, მოხადა თავი და დაიწყო ჯოხით მორევა, თან უხაროდა. მერე დააძინა გეტამ, რომ გაიღვიძა, ისევ დაიჭირა ჯოხი და განაგრძო მორევა…
წლის და 7 თვისაა. ორივე პატარა ხელით ურევს, მერე ჯოხს დაბერტყავს, იქვე მიაყუდებს. სარქველს დაახურებს ქვევრს…  როგორ ეფერა ქვევრს, შეიძლება ამის დანახვაზე გაგიჟდეს კაცი. პაპაჩემის ისტორიული გენი დავინახე… ეს რა ტრადიცია გვაქვს, რომ ბავშვი პატარა ქვევრმა მიიზიდა. მას მეღვინე თარაში დავარქვი… „იმუშავე? ყოჩაღ, პაპა, როგორ მომეხმარე-მეთქი“… მეორე დღეს ბეჟომ ისევ მოიყვანა და იგივე გაიმეორა.
ამას ვერავინ გაიგებს, როგორი ნასიამოვნები მიყურებდა ბავშვი თვალებში. ერთი მარცვალი არ დაუფანტავს, ისე ურევდა…
მერე ამოვიღე მაჭარი და,  პაპა, საქართველოს გაუმარჯოს-მეთქი, – ვუთხარი. რა უნდა თქვას წლის და 7 თვის ბავშვმა, მაგრამ თვალებით საქართველოს სიყვარული მითხრა.
სიხარულით სავსემ ბეჟოს ვთხოვე, ღვინის გადაღებაზეც მოიყვანე თარაში, რომ ამ პროცესსაც დაესწროს-მეთქი.
მე  ეგეთი რამ არ მინახავს, არც გამიგია… ლექსი დავწერე,  როგორ აბინავებს მოსავალს თარაშ ჩალაბაშვილი.
– შენი ბავშვობა არ გაგახსენდა?
– იმდენად ლამაზად აკეთებდა თარაში, ჩემი ბავშვობა გამახსენდა და დამავიწყდა კიდეც, რადგან ეს უფრო მაგარია.
– გვითხარი ლექსი თარაშზე…                                                               

თარაშ ჩალაბაშვილი

თარაშს!

შენს სახელს – თარაშს ვიმეორებ
თითქმის ყოველ წამს
ამივსე გული სიყვარულით –
ყოვლისმომცველით,
ღირს მყო უფალმა, ის, რაც
ჩემთვის უნდა მოეცა,
და არ გამწირა დღენიადაგ –
მისთვის მლოცველი.
შენს თოთო ხელებს რომ
დავყურებ – სული ათდება,
სახეს დედიკოს ან მამიკოს –
მსგავსი პროფილით.
ვერ ვგმობ ცხოვრებას,
მოქუფრული ცა მინათდება,
წუთისოფელი  არ მაშინებს –
ცრუ და ორპირი,
შენ გაჩნდი ქვეყნად,
საქართველოვ, ეგრემც იბევრე,
იხარე, ჭერო,  გონს მოეგე,
მტერო წყეულო…
შენ მყავხარ, ბიჭო, რას დამაკლებს
აწი სიბერე,
შენ, ერთი კაცით –
შეემატე საგვარეულოს!..

– შენც ხომ ეხმარებოდი პაპას ქიზიყში?
– აბსოლუტურად. მე პაპა ყველაფრად მიმაჩნდა. სხვათა შორის, 4 თვის იყო ლუკა, როცა  პირველი სიტყვა თქვა: „პაპა“…
გუშინ ბეჟოს მოუყვანია თარაში, მე არ ვიყავი შინ და უკითხავს, პაპა სად არისო?  რა გონება აქვთ ახლანდელ ბავშვებს, არ ვიცი.
პაპას – ალექსი ჩალაბაშვილს გამსგავსებენ…
– მაგრადა… სურათს რომ შეხედავს პატარა თარაში, ეძახის:  „თემო პაპა, თემო პაპა“…  ალექსი პაპას  მამგვანებს და მეძახის.
ერთხელ პაპაჩემმა ტიბაანის წისქვილში წამიყვანა, ტიბაანელი კოლოტაანთ სტეფანეს წისქვილი იყო. პატარა  ვიყავი და მთელი ღამე ნაბადში დამაძინეს, მესმოდა, მოხუცი კაცები როგორ მღეროდნენ. „ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ“… – ამ სიმღერას ჰგავდა. გაბმული სიმღერა იყო, ისეთი, როგორიც ქიზიყს შეეფერება.
კაცები ქეიფოდნენ და სადღგრძელოებს ამბობდნენ. მესმოდა მათი ხმები და გული დამწყდა, რომ  ჩემი სადღეგრძელო არ თქვეს.
ფქვილის ტომრები დავუდეთ პაპის ტაჩკაზე და წავედით ძველანგისკენ. მთვარიანი ღამე იყო და ასე მივუყვებოდით ძველ შარას, ვანაანის გზას… გზაში პაპას ვეჩხუბე, რატომ ჩემი სადღეგრძელო არ დალიეთ-მეთქი. პაპას გაეცინა, გადამხვია ხელი, ნასვამი იყო და მიმღერა…
იმ წელს შევედი პირველ კლასში, იმ წელს პაპაც გარდამეცვალა. პაპის სურათი გულზე მეკიდა. მაშინ კახეთში სურათებს ვიკიდებდით  გულზე. პაპის სურათი კარგა ხანს  მეკიდა გულზე, სანამ ორმოცი არ გავიდა.
– მალე ლექსების ახალი, მეხუთე წიგნი გამოვა…
– ძველ ლექსებს  ახლები მივუმატე.  ლევან თითმერიამ მითხრა, უანგაროდ გამოგიცემო. ნოემბერში დაბადების დღე მაქვს და… ადამიანს თავისი დაბადების დღე ხომ ყოველთვის უხარია… მეც ორმაგად გამიხარდება ამ კრებულის გამოსვლა.
– ამბობენ, პოეტებს წლები არ ემატებათო…
– არაფერიც არ გვემატება, ჩვენ გვაკლდება… ჩვენ წლები განსაზღვრული არა გვაქვს. სად, რომელ განედზე მოხვდები, განსაზღვრული არა გვაქვს…
– ახლახან სამაჩაბლოდან აღელვებული ჩამოხვედი…
– ყველაზე დარდიან სოფელში ვიყავი, ბოლო სოფელია საზღვართან. ზემოდან ისე დამყურებდა სამყარო, რომ ლუკმა გამიმწარდა ქართლში. ახლოს ეკლესიაა. ძალიან კარგმა კაცმა, პოეტ ალექსანდრე შანიძის შვილიშვილმა –  სანდრო შანიძემ  მიმიპატიჟა და სუფრა გაშალა.
ყველაზე მაგარი რა იყო, იცი? ისე დაგვყურებდა რუსეთი, ლუკმა ვერ გავტეხეთ, სიმწარე ჩაგვდიოდა პირში.
ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. მეუფეები ბრძანდებოდნენ და რომ ჩამოვედი თბილისში, ერთი კვირა ადამიანს არ ვგავდი. სუფრაზე პატარა ყმაწვილი  მეჯდა წინ.  თემურ ბატონოო, ცხენი მომეწონა, ცხენზე შევჯექი და გავაჭენე, გამიტაცა ცხენმა და ოსებმა დამიჭირესო, – მითხრა. ორი თვე დასჭირდა მერე ამ ბავშვის იქიდან გამოყვანას. ეს არის საქართველოს ცხოვრება?
ვერავის  ავუხსენი, იმ დღეებში რატომ ვიყავი გადარეული. ბავშვმა მითხრა, ცხენი მომეწონა, ცხენზე შევჯექი, გავაჭენე და დამიჭირესო. ცხენი ხომ თავისუფლების სიმბოლოცაა და ეს სიმბოლურად თავისუფლების დაჭერა იყო?
ს იყო ისეთი დარდი, რომ ვერ გამოვფხიზლდი ერთი კვირა. მაღლიდან გვიყურებდნენ რუსები, ავტომატების ლულა არ ჩანდა, ჩვენ საჭმელი ვერ ვჭამეთ. ამ დროს შემოდგომის ქართლის სოფელში ყველა ხილი გემრიელი იყო და მაინც, ყველაფერი მწარე იყო…  ჩემთვის მწარე იყო და ალბათ იქ დამსწრე ხალხისთვისაც.

ალექსანდრე  შანიძის შვილიშვილმა დაგვპატიჟა და მისი სტრიქონები მახსენდებოდა:

„ჩემო ტკბილო მეგობარო,
შენი ნახვა მენატრება,
ჩემო ტკბილო მეგობარო,
გული რაზე გიღონდება!..
კიდევ მოვალ, კიდევ გნახავ,
გულს მედება სინანული.
შენ ვარდები გიკრეფია,
მე კი შენი სიყვარული“…

ეგეთი კაცები გადაარჩენენ საქართველოს…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები