„ახალი ცვლილებებით პირდაპირ იქნება ჩაწერილი, რომ პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ შეკრების და მანიფესტაციის კანონის კონკრეტული ნორმები დაირღვევა,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის დამრღვევს განმეორების შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„უკვე 300 დღეზე მეტია რამდენიმე ასეული ადამიანი ძალადობს თბილისის მილიონზე მეტ მცხოვრებზე. შესაბამისად, ახალი ცვლილებებით პირდაპირ იქნება ჩაწერილი, რომ პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ შეკრების და მანიფესტაციის კანონის კონკრეტული ნორმები იქნება დარღვეული, ხოლო განმეორების შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გაბედავენ, რომ იმის შეფუთვით, რომ ვითომ სამშობლო ძალიან უყვართ და რეალურად გარედან მიღებული შეკვეთების აღმასრულებლები არიან, დაარღვიონ კანონი და იძალადონ მილიონზე მეტ ადამიანზე. იმისთვის რომ კანონი იყოს ეფექტური და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე ვერავინ ვერ გაბედოს ვერც თავდასხმა, ვერც შეურაცხყოფის მიყენება და მათი კანონიერი მოთხოვნებიც იყოს ყველა შემთხვევაში გათვალისწინებული, დამრღვევებს ექნებათ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები იგეგმება. თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე სახეს ნიღბით დაიფარავს, ექნება ცრემლმდენი ან და მომწამვლელი ნივთიერება, ასევე, გზას გადაკეტავს და დროებით კონსტრუქციას მოაწყობს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობა ამ შემთხვევაში 20 დღემდეა.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მოქალაქეს, რომელიც მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას სამართალდამცველს ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.