ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერზე: სამწუხაროდ, იმ დღეს ძალიან სერიოზული ჩავარდნები იყო
სამწუხაროდ, იმ დღეს ძალიან სერიოზული ჩავარდნები იყო პირველ რიგში კომუნიკაციასთან მიმართებაშიც, – ამის შესახებ პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ 4 ოქტომბრის დაკავებებთან დაკავშირებით „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს რიგი მოვლენათა ჯაჭვი არ წარიმართა ისე, როგორც პარტიაში სურდათ, რომ წარმართულიყო.
„ამასთან დაკავშირებით ძალიან ღირსეული პასუხი გასცა ირაკლი ნადირაძემაც, მაგრამ, კიდევ ერთხელ, მე ხაზს გავუსვამ იმ საკითხს, რომ, სამწუხაროდ, იმ დღეს ძალიან სერიოზული ჩავარდნები იყო პირველ რიგში კომუნიკაციასთან მიმართებაშიც. ის დღე რომ იდეალურად არ იყო ჩატარებული, მათ შორის ჩვენი მხრიდან, ეს აღიარებულია და, რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ბევრად უფრო გასაგები და სამწუხაროა თითოეული ჩვენგანისთვის ის, რომ იმ მომენტში არ აღმოვჩნდით იმ ადგილას, სადაც იყო ირაკლი ნადირაძე. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტობრივი მოცემულობა, ამას არავინ არ უარყოფს და ამის უარყოფაც, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელი იქნება. უბრალოდ, იმ დღეს რიგი მოვლენათა ჯაჭვი არ წარიმართა ისე, როგორც გვსურდა, რომ წარმართულიყო“, – განაცხადა სანიკიძემ.