ირაკლი ქადაგიშვილი: თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ქვეყანაში არჩევნები მიმდინარეობდეს, ამ დროს, ვიღაც ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ, პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოუწოდებდეს და ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერი ამის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებდეს?!
თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე ქვეყანაში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს და, ამ დროს, რაღაც პოლიტიკური ძალა თუ ხალხის რაოდენობა ამბობს, რომ უნდა დავამხოთ ჩვენ ეს ხელისუფლება, უნდა წავიდეთ პრეზიდენტის სასახლე ავიღოთ ამ მიზნით, და ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერი რომ მხარდამჭერ განცხადებას აკეთებდეს?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში, საქართველოში რევოლუციური იდეოლოგიის დანერგვა და ამ ყველაფრის ღია მხარდაჭერა უცხოეთიდან ხდებოდა, რაც 4 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებებითაც დადასტურდა.
„ჩვენ, ამ წლების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ხდებოდა საქართველოში რევოლუციური იდეოლოგიის დანერგვა, როგორ ხდებოდა ამისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, შესაბამისი მუხტის და ძალის დაგროვება, დატრენინგება და აქეთკენ მოწოდება. პარალელურად, ჩვენ ვუყურებდით, როგორ ხდებოდა უცხოეთიდან სწორედ ასეთი ძალების, ქმედებებისა და პროექტების მუდმივი მხარდაჭერა მაღალ პოლიტიკურ დონეზეც. ჩვენ ვუყურებდით, რომ 4 ოქტომბერი როცა მიმდინარეობდა, უცხოელი პოლიტიკოსები, დაწყებული, მაგალითად, პრეზიდენტ სანდუდან, დამთავრებული ევროკავშირის სპიკერით, მხარს უჭერდნენ 4 ოქტომბრის მოვლენებს. ეს არის ფაქტები. ფარული მოქმედებები, რა და როგორ კეთდებოდა, ეს უფრო სპეცსამსახურებმა იციან, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც ღია წყაროებით არის, რაც თვალნათელია. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე ქვეყანაში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს და, ამ დროს, რაღაც პოლიტიკური ძალა თუ ხალხის რაოდენობა ამბობს, რომ უნდა დავამხოთ ჩვენ ეს ხელისუფლება, უნდა წავიდეთ პრეზიდენტის სასახლე ავიღოთ ამ მიზნით, და ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერი რომ მხარდამჭერ განცხადებას აკეთებდეს?!“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.