„დადასტურდა, რომ ერზრუმში აღმოჩენილი სარკოფაგები სწორედ გურჯი ხათუნსა და მის ვაჟს – სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ს ეკუთვნით“ – გიორგი ჯანჯღავა
„მორიგი კარგი ფაქტი თურქეთიდან: გიორგი ჯანჯღავას დიდი დამსახურებით უკვე დადასტურებულია, რომ ერზრუმში აღმოჩენილი სამარხი ნამდვილად სასულთნოს ქართველი დედოფლის, ე. წ. გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟისაა“, – ინფორმაციას პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
დეტალურად კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოგვითხრობს ამ სამარხის შესახებ.
„თურქულმა მხარემ დადებული პირობა შეასრულა და დიდი თამარ მეფის შვილიშვილის, „გურჯი ხათუნის” საფლავის რეკონსტრუქცია პრაქტიკულად დასრულდა, რასაც წინ უძღოდა, ჯერ კიდევ ჩემი თურქეთში მუშაობის დროს, ერზერუმში აღმოჩენილ საძვალეში არსებული ნეშტების დნმ-ის ანალიზის მოთხოვნა. აღნიშნულის შედეგად, დადასტურდა, რომ იქ აღმოჩენილი სარკოფაგები სწორედ გურჯი ხათუნსა და მის ვაჟს სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ს ეკუთვნით.
როგორც ადრე ვწერდი, მივაკვლიე ქართული საზოგადოებისთვის უცნობ, შუა საუკუნეების ავტორის, ნიღდელი ქადი აჰმედის (1286-1333) სპარსულენოვანი მანუსკრიპტის (el-Veledü’ş-şefîḳ) თურქულ თარგმანს, რომლის ორიგინალიც სულეიმანიეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში ინახება. ამ სქელტანიან ნაშრომში არაერთხელაა ნახსენები საქართველო, ქართველები, თამარ მეფე და, რა თქმა უნდა, გურჯი ხათუნიც. ხელნაწერში, სამ სხვადასხვა ადგილას, ავტორი აღნიშნავს, რომ გურჯი ხათუნი, მის ვაჟთან, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-სთან ერთად, ქ. ერზურუმში განისვენებს.
2019 წელს, მქონდა პატივი, პირველს მომენახულებინა გურჯი ხათუნის ახლად აღმოჩენილი განსასვენებელი“, – წერს გიორგი ჯანჯღავა.
ცნობისათვის: ბატონი გიორგი ჯანჯღავა ერთი წელია სწავლობდა გურჯი ხათუნის განსასვენებლის დადგენის საკითხს, რასაც წინ უძღოდა ფეისბუქპოსტები.