მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი რომ ვიყო, პროკურატურაში მივიდოდი და ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩემს ხელთ იქნებოდა, ჩემი ნებით მივაწოდებდი

პრეზიდენტი რომ ვიყო, პროკურატურაში მივიდოდი და ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩემს ხელთ იქნებოდა ჩემი ნებით მივაწოდებდი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ თავად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, პროკურატურაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა მივიდეს თუ არა.

“როდესაც საუბარია იმაზე, პრეზიდენტი უნდა მივიდეს თუ არა პროკურატურაში, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს, ალბათ, მის ნებაზე უფრო უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან გარკვეული სიმბოლიზმიც არის ამ თანამდებობაში. პრეზიდენტი იწოდება, როგორც ხელშეუვალ პერსონად და ეს არის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტი. ასე მარტივად ამ საკითხზე საუბარი, მოდი, მივიდეს, ან გამომძიებელმა დაიბაროს პრეზიდენტი და დაკითხოს, არ შეიძლება. თუმცა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანმაც ეს თქვა, ის რომ იყოს პრეზიდენტი, მივიდოდა პროკურატურაში.იგივე შემიძლია გავიმეორო. მე რომ ვიყო პრეზიდენტი, მივიდოდი პროკურატურაში და ჩემი ნებით მივაწოდებდი ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩემს ხელთ იქნებოდა“, – განმარტა მდინარაძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა შეწყალებაზე არსებულ მორატორიუმს, მდინარაძის განცხადებით მორატორიუმი სამართლებრივ პრობლემებს შეიცავს, რადგან შეწყალების უფლება მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება არ არის, ის მოიცავს მსჯავრდებულის უფლებასაც, იყოს შეწყალებული.

“პირველივე წუთებიდან, როდესაც პრეზიდენტმა მორატორიუმის შესახებ განაცხადა, ვთქვი, რომ მორატორიუმი თავის მხრივ შეიცავს სამართლებრივ პრობლემებს გამომდინარე იქიდან, რომ შეწყალების უფლება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. თავის თავში ის მოიცავს მსჯავრდებულის უფლებასაც, იყოს შეწყალებული. აქედან გამომდინარე, მორატორიუმი არ არის საუკეთესო გამოსავალი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რადგან ის თავის მხრივ სამართლებრივ პრობლემებსაც შეიცავს“,- აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები