პუჩდემონზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა – კატალონიაში საყოველთაო მობილიზაციაა, ბლოკირებულია ქუჩები, აეროპორტი და რკინიგზა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის გამო, კატალონიის 9 ლიდერს 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილეს ორიოლ ჟუნკერასს – მას ბრალად ედება ამბოხისკენ მოწოდება და სახელმწიფო თანხების გაფლანგვა.

გარდა ამისა, მოსამართლემ კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის კარლეს პუჩდემონის დაკავების ევროპის ახალი ორდერი გასცა.

პუჩდემონს ბრალად ამბოხისკენ მოწოდება და რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ედება. მოსამართლემ ძველი ორდერი მას შემდეგ გაიწვია, რაც 2018 წელს გერმანიამ ამბოხის ბრალდებით პუჩდემონის გადაცემაზე უარი თქვა. ამ დროიდან მას დაპატიმრება მხოლოდ ესპანეთში ემუქრებოდა.

პუჩდემონმა ესპანეთი 2017 წელს რეფერენდუმის შემდეგ დატოვა და ბელგიაში დაბინავდა.

თუმცა, კატალონიის მოსახლეობა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ბარსელონას ცენტრში 25 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციები სხვა ქალაქებშიც ჟირონაში, ტარაგონასა და მანრესაში მიმდინარეობს.

შეკრებილებმა რეგიონის 5 გზა დაბლოკეს, მოძრაობა პარალიზებულია. ხალხი სამთავრობო შენობებთანაც იკრიბება.

ჟირონაში რკინიგზაა ბლოკირებული. „დამოუკიდებლობის შესახებ კატალონიის ორგანიზაცია“, „რესპუბლიკის დაცვის კომიტეტი“ და „დემოკრატიის ცუნამი“ ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ბარსელონის ელ-პრატის აეროპორტისკენ გაემართა. პოლიციის განკარგულებით აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მუშაობა შეჩერებულია.
აქციაში სტუდენტებიც მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები