ბოკერია სააკაშვილის განცხადებებს სულელურს უწოდებს – “პრიორიტეტულია დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციების შექმნა”

დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციების შექმნა
პრიორიტეტული საკითხია და ჩვენი პარტიის შიგნითაც ამ თემაზე სერიოზული დისკუსია გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმური კამათია, სააკაშვილის სხვა სულელური განცხადებებისგან განსხვავებით, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.

“ჩემს გადასაწყვეტზე კი არ არის ლაპარაკი, ეს არის ხედვა, რომელიც აქვს “ევროპულ საქართველოს“ და “თავისუფალ დემოკრატებს“, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენი პარტიის შიგნითაც დისკუსიაა ამაზე, ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული საკითხია. ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ არ გვექნება სამართლიანი სასამართლო, ივანიშვილის სასამართლოთი და ივანიშვილის პროკურატურით პოლიტიკური ოპონენტები არ უნდა გაასამართლო, ხოლო, სამართლიანი სასამართლოს აშენებას და ტრადიციის შექმნას დრო სჭირდება. მხოლოდ ამის თქმა მსურდა. ეს არგუმენტები ჰქონდათ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგალითად, პოლონეთმა. რაღაც მომენტში, ერთ წრეზე ტრიალს წერტილი უნდა დაუსვათ. ამას სჭირდება სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის შექმნა, რაც მარტივი არ არის, მაგრამ ეს ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ. დაუსჯელობა კი არ არის ამოცანა, დაუსჯელობა ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ხალხის მასობრივად დასჯა, იმ სისტემაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, დიდი პრობლემაა“, – განმარტა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, ამ თემაზე პარტიის შიგნით დისკუსიები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

“ხაზს ვუსვამ, ჩვენი პარტიის შიგნითაც ამ თემაზე სერიოზული დისკუსია გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმური კამათია, სააკაშვილის სხვა სულელური განცხადებებისგან განსხვავებით, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ჯერ პრიორიტეტია დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის შექმნა. ამის გარეშე ნებისმიერი დევნა, მათ შორის, იმ ხალხის რომელზეც, ჩემი აზრით, ყველამ იცის: ფარცხალაძე, გახარია, ივანიშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დამთავრდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნით, თუ არ გაქვს სასამართლო, რომელიც მათ უფლებებს იცავს. ჩვენი ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება ყველაზე მძიმე დანაშაულებებს: მკვლელობას ან წამებას. ვერ შეეხება, თუ ვინმეს ქონება წაართვეს, მაგრამ მთავრობა არ შეიძლება მასობრივად დევნიდეს თავისი პოლიტიკური ოპონენტებს, რომლებიც იქამდე ხელისუფლებაში იყვნენ, როცა სამართლიანი სასამართლო არ გაქვს. ამიტომ, მიიღო პოლონეთმა თავის დროზე ისეთი მძიმე რეჟიმის პირობებშიც კი, როგორიც კომუნისტური რეჟიმი იყო, ეს გადაწყვეტილება. ივანიშვილის რეჟიმზე ჩემი აზრი ყველამ იცით, მაგრამ კომუნისტურ და ფაშისტურ რეჟიმის მე მათ არ ვადარებ“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ევროპული საქართველო“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და “ფეისბუქზე“ სტატუსი დაწერა: – “გამარჯვება “ქოცებზე“ და “ევრო – ქოცებზე,“ მალე საქართველოში!”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები